Monday, June 7, 2010

ძველი კოლხეთი





საქართველოს უძველესი ისტორია იწყება კოლხეთიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. “ოქროს ქვეყანად წოდებული” კოლხეთის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. კოლხეთს მართავდა მზე-ჰელიოსის ძე - აიეტი. აიეტის და - პასიფაე გახლდათ კრეტის სახელგანთქმული მბრძანებლის მინოსის ცოლი. აიეტს სამი შვილი ჰყავდა ტახტის მემკვიდრე - აფსირტე და ორი ასული ქალკიოპე და მედეა. საბერძნეთი კოლხეთის მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო იყო. საბერძნეთიდან სიკვდილს გამოექცა უფლისწული ფრიქსე და აიეტს თავშესაფარი სთხოვა. ძღვნად კი ოქროსმატყლიანი ვერძი მიართვა. აიეტმა გულთბილად მიიღო ფრიქსე და თავის უფროსი ქალი – ქალკიოპე შერთო ცოლად. ოქროს ვერძი მისი ბრძანებით კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი, შემდგომში ოქროს საწმისად წოდებული, ცადატყორცნილ მუხაზე დაჰკიდეს. ოთხი ვაჟი ჰყავდათ ქალკიოპეს და ფრიქსეს. მამის სიკვდილის შემდგომ, მათ ზურგი აქციეს კოლხეთს და ვითომდა მამულის დასაპატრონებლად საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. აიეტმა ხომალდი მისცა შვილიშვილებს, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარტეხილმა გემი ერთიანად დალეწა, ფრიქსეს ვაჟები კი არეტიადის კუნძულზე გარიყა.
ზღვის და მიწის ბედისწერამ სწორედ ამ კუნძულზე მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული გემი “არგო” ორმოცდაათი “არგონავტელით”. გმირებს სათავეში ედგათ თესალიის ქალაქ იოლისკოს უფლისწული იასონი. არგონავტები კოლხეთში მიდიოდნენ საიდანაც საბერძნეთში უნდა წაეღოთ ოქროს საწმისი - სიმბოლო ქვეყნის სიმდიდრისა და სიმძლავრისა. იმ შემთხვევაში თუ იასონი ვერ შეასრულებდა ამ დავალებას, იგი ვერ მიიღებდა იოლისკოს სამეფო ტახტს, რომელიც მის ბიძას პელიასს ჩაეგდო ხელში.
ფრიქსეს ვაჟები მიუძღვნენ არგონაველებს კოლხეთის მიწაზე. აიეტმა სიხარულით მიიღო. მედეას - აიეტის უმცროს ქალიშვილს და იასონს შეუყვარდათ ერთმანეთი და მოკავშირეები გახდნენ. მედეა გახლდათ ბრძენი მკურნალი, ასტროლოგი, გულთმისანი და წინასწარმეტყელი. მის სახელს უკავშირდება მედიცინის წარმოშობის ისტორია. იასონმა აიეტს გაანდო თავის სურვილი ოქროს საწმისის შესახებ, რამაც ძლიერ განარისხა კოლხეთის ბრძანებელი. იასონს დავალება მისცა და მისი შესრულების შემთხვევაში ოქროს საწმისს დაჰპირდა. დავალების შესრულებაში იასონს მედეა დაეხმარა და ოქროს საწმისი მოატაცებინა. მედეას კოლხეთში აღარ დაედგომებოდა და იასონს საბერძნეთში გაჰყვა. უცხოობში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა და მისი სახელი სასტიკი შურისძიების ანალოგად იქცა ისტორიაში. არ არის ცნობილი როგორ დაასრულა სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილმა “პირველმა ქართველმა ქალმა”, თუმცა აიეტის “პირველი ქართველი მეფის” აღსასრულს გვამცნობს მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია: “აიეტი ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთმა ყოვლისდამთრგუნველმა ბედისწერამ”.
ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში, დღევანდელი არზრუმისა და სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა ძლიერი ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება - დიაოხი, რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი დაიპყრო სამხრეთ–დასავლეთ ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოლხამ_ კოლხეთმა.














No comments:

Post a Comment